Daily Archives: May 2, 2011

ეკონომიკური თავისუფლების როლი და ფარგლები ეკონომიკურ პოლიტიკაში

სახელმწიფოს ღერძი არის თავისუფალი ადამიანი, ეკონომიკური სისტემისა კი – ეკონომიკური თავისუფლება.

თავისუფლება ის ძირითადი ელემენტია, რომელმაც მთელი კაცობრიობის ისტორიაში პროგრესი შვა და საზოგადოება დღემდე მოიყვანა. თავისუფლება სწორედ ის ძირითადი ქვაკუთხედია, რომელიც აერთიანებს პერსონებს და ქმნის საზოგადოებას, ერთობას, ძალას. ამასთან, მას შემოქმედებითი ძალა აქვს, ხოლო საზოგადოების გარეშე ვერ შეიქმნება სახელმწიფო და მით უმეტეს ვერ განვითარდება შემოქმედებითი სულის გარეშე.
ადამიანში თავისუფლება ბადებს პიროვნებას, რომელსაც სურს ყველა სიკეთეს თავისუფლად ფლობდეს. იმისათვის, რომ ვიყოთ თავისუფალნი, აუცილებელია, გვქონდეს სხვა ადამიანებისადმი სიყვარულისა და სოლიდარობის შინაგანი ღვთიური თავისუფლება და გრძნობა. სხვა სახის თავისუფლება შინაგანი სულიერი თავისუფლების ანარეკლია, მისი უბრალო გამოვლინებაა. ,,თავისუფლება ეს უნიკალური სიტყვათა შერწყმაა და უფლებამოსილებას გამოხატავს”
თავისუფლება უდიდესი მადლია, თუმცა, არ შეიძლება იგი ყველაფრის უფლებად აღვიქვათ. თავისუფლება ნიშნავს მოვალეობასაც, რაც საკუთარი თავის განკარგვისა და სხვისი თავისუფლების აღიარებაში, პატივისცემაში გამოიხატება.
საბაზრო ეკონომიკა, უწინარეს ყოვლისა, ეკონომიკურ თავისუფლებას ემყარება, რაც არჩევანის თავისუფლებაში გამოვლინდება. არჩევანი კონკურენციის უმთავრესი წინაპირობაა, ხოლო კონკურენცია – ეკონომიკური განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ძალა. ეკონომიკური თავისუფლება ქმნის ნიადაგს ნოვაციებისთვის. ყოველივე ზემოხსენებულის გარეშე შეუძლებელია ამა თუ იმ სახელმწიფომ გლობალიზაციის პირობებში ეკონომიკურ წარმატებას მიაღწიოს ქვეყნებს შიგნით თუ საერთაშორისო დონეზე.

ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება საბაზრო სისტემის ჩამოყალიბებში გარდამავალი ტიპის ეკონომიკის ქვეყნებისთვის. ფაქტობრივად ის წარმოადგენს მთავარ ფაქტორს ახალი თვითგანვითარებადი, ძლიერი, რეგენერაციის უნარის მქონე ეკონომიკური სისტემის ჩამოსაყალიბებლად.

ამრიგად, მიზანი და ამოცანა მდგომარეობს ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის განსაზღვრაში და მის მნიშვნელობაში თანამედროვე საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობებში. უნდა განისაზღვროს სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკური რეგულირების სფეროები ეკონომიკური თავისუფლების ხარისხობრივი ზრდის კვალობაზე.
ეკონომიკური თავისუფლებასთან დაკავშირებით ჩატარებულია რიგი გამოკვლევებისა  ამ ნაშრომებში ავტორები პირდაპირ თუ ირიბად საუბრობენ ეკონომიკური თავისუფლების როლსა და ზომების კვლევის აუცილებლობაზე, ასახავენ ეკონომიკურ განვითარებაში ეკონომიკური თვისებების მნიშვნელობას.
მასალებში ძირითადათ მოყვანილია თავისუფლების გაგების ძველი დეფინიციები მაგალითად ,,ჩემი თავისუფლება იწყება იქ, სადაც სხვისი თავისუფლება მთავრდება”, ან პირიქით . ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით ჩვენი კვლევით დეფინიცია უფრო ფართო და ყოვლისმომცველია. თავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის წინააღმდეგობაში მოდის სხვათა თავისუფლებასთან. გონიერი, თავისუფლების არსში ჩახედული ადამიანები, ხვდებიან თავად შეიზღუდონ თუ სხვები შეზღუდონ, იმის მიხედვით, თუ რომელი ადამიანის ამაგი, ღვაწლია უფრო საჭირო საზოგადოების კეთილდღეობისა და განვითარებისთვის. შესაბამისად, ადამიანები აღმოჩნდებიან არჩევანის წინაშე. სწორედ ასე იკვეთება თავისუფლების პირველი მახასიათებელი, ,,არჩევანი”. თავის მხრივ, გონივრული არჩევანი უკვე თავისუფლებას წარმოადგენს, რომელიც გაჯერებულია სოლიდარობითა და სამართლიანობით.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამყაროს მამოძრავებელი ძალა თავისუფალ ადამიანთა საზოგადოებაა, სახელმწიფო პოლიტიკა კი, მის დასაცავად და გასამტკიცებლად არსებულ ქმედებათა ერთობლიობა.
სხვა საკითხია, რამდენად ეფექტურად ახერხებს ამას ესა თუ ის სახელმწიფო. არსს მოწყვეტილი და არამართებულია საუბარი თავისუფლების ზომიერ მიწოდებაზე, თუმცა ეს არ ეხება ეკონომიკური თავისუფლების ფარგლებს. ეკონომიკური თავისუფლება, თავისი არსით ყოველთვის რეგულირებადია და გარკვეულ საზღვრებშია მოქცეული როგორც მიკრო ისე მეზო მაკრო და მეგა დონეებზე.
თავისუფლების შეზღუდვა მართებული არ არის ( თავისუფლებისა რომელსაც აქვს არამატერიალური ღვთიური საფუძველი). როგორც კი თავისუფლების გამოვლინება ანუ მისგან გამომდინარე ნება ნივთობრივ ხასიათში გადადის, ის იძენს ეკონომიკურ ხასიათს, ამიტომაც აუცილებელია მარეგულირებელი როლის შემსრულებელი ინსტიტუტი. სწორედ მატერიალურ სფეროში შეიძლება მოხდეს ეკონომიკურ ინტერესთა დაპირისპირება, მათი გადაკვეთა, ან შეკავშირება.
როდესაც იდეალური ფასეულობები იღებენ მატერიალურ ხასიათს, ჩნდება ზღვარი თავისუფლებასა და ეკონომიკურ თავისუფლებას შორის. თუმცა ისინი გამიჯნული არ არიან ერთმანეთისაგან, არამედ მჭიდროდ არიან შეკავშირებული. მეტიც, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ისინი ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ არსებობენ.
სწორედ ამ უკანასკნელ შემთხვევაში გვაქვს საქმე ეკონომიკურ თავისუფლებასთან და უკვე საჭირო ხდება მისი როლისა და ზომის განსაზღვრა სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის მეშვეობით.
ზოგადი და ეკონომიკური თავისუფლების როლი უდიდესია სახელმწიფოებისა და საზოგადოების განვითარების თვალსაზრისით. უპირველეს ყოვლისა, თავისუფალი ნება ქმნის საზოგადოებას მატერიალური და სულიერი ფასეულობებით. სახელმწიფო ვერ იარსებებს ვერც საზოგადოებისა და ვერც მატერიალური ფასეულობების გარეშე (იგულისხმება საზოგადოების მიერ შექმნილი დოვლათი).
”თავისუფალი მეურნეობა შეესაბამება თავისუფალ მეწარმეობას, თავისუფლება ერთიანი და განუყოფელია – პოლიტიკური და სამეურნეო თავისუფლება და პიროვნების თავისუფლება ისეთი რთული დიალექტიკური ერთიანობაა, რომ მისგან თუნდაც ერთი ნაწილის გამიჯვნით, ყველა დანარჩენი დაიშლება” /ლუდვიკ ერჰარდი/ [2. 125] .
ეკონომიკური თავისუფლება თავისთავშივე გულისხმობს გარკვეულ შეზღუდვებსა და ზომებს, რომლებიც სახელმწიფომ უნდა არეგულიროს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი (თვითმართველობები, ასოციაციები, ფონდები) მექანიზმებით, ინსტიტუტებით. იდეალურ საზოგადოებაში ეს ზომები, ჩვენი აზრით, არ იქნებოდა საჭირო. სახელმწიფო, როგორც ეკონომიკის მაკონტროლებელი, არ იარსებებდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მისი საჭიროება არ იარსებებდა, ვინაიდან საზოგადოებაში იქნებოდა იმდენად მაღალი თვითშეგნება, რომ ეკონომიკურ სუბიექტებს არ ექნებოდათ გარე და შიგა ,,თავდასხმების” საშიშროება. შესაბამისად, გაქრებოდა სახელმწიფოს ეკონომიკური როლიც, მაგრამ ეს ყოველივე დღევანდელი რეალური გადასახედიდან იმფანტილურ და უტოპიურ აზრად შეიძლება მოინათლოს, რამეთუ უნდა განისაზღვროს თვალსაწიერი მომავლის რეალური ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები.
სახელმწიფოში და განსაკუთრებით გარდამავალი ტიპის ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ეკონომიკური თავისუფლების ზომები საჭიროა, ვინაიდან არსს მოკლებულია ზოგადად თავისუფლება წართმეულ ადამიანებს მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკურ თავისუფლებაზე მაქსიმალური დაყრდნობით მოთხოვო ეკონომიკური აღმავლობა და ეკონომიკური განვითარება. ამიტომაც იკვეთება ეკონომიკის ზომიერი რეგულირების საჭიროება სახელმწიფოს მხრიდან.

ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი დამოკიდებულია თავისუფალი არჩევანის ხარისხზე. აქ იგულისხმება არა ყოველგვარი არჩევანი, არამედ ეკონომიკური აქტიურობათა ოპტიმალური არჩევანი. ამრიგად, ჩვენეული დეფინიცია ეკონომიკური თავისუფლების ხარისხისა არის შემდეგი:

> რაც მეტია ოპტიმალურ ალტერნატივათა რაოდენობა (რიცხვი), რომელთა ცალ-ცალკე არჩევას შეუძლია ოპტიმალური და რაციონალური (მომგებიანი) შედეგის მოტანა, მით მეტია ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი. <

თანამედროვე საზოგადოება თანხმდება ეკონომიკური თავისუფლების აუცილებლობაში. თუმცა ისმის ბუნებრივი კითხვა, თუ როდის უნდა მოხდეს ეკონომიკური თავისუფლების დასაცავად სახელმწიფოს მხრიდან მისი პოლიტიკის მეშვეობით ეკონომიკის რეგულირება. პასუხი ერთი შეხედვით მარტივია – მაშინ, როდესაც არჩევანი იზღუდება, აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება ეკონომიკური რეგულირება, როცა ირღვევა თავისუფალი, ალტერნატიული და ოპტიმალური არჩევანი, ეკონომიკაში მოქმედ ერთეულთათვის ისე, რომ მას საბაზრო რეგულატორები (მოთხოვნა, მიწოდება, ჯანსაღი კონკურენტული გარემო დაAა.შ.) ვერ არეგულირებენ.
ამრიგად, აუცილებელი ხდება ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვა სახელმწიფოს მხრიდან და ამის მაგალითია მონოპოლიები. მონოპოლია არის ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვის ყველაზე დიდი გამოვლინება და მნიშვნელობა არ აქვს რა სახის მონოპოლიაა. გარდა ბუნებრივი და წმინდა გონებრივი შესაძლებლობებისა, ეს უკანასკნელი სამომავლო განვითარებისა და პროგრესის წყაროა და ამავდროულად სამართლიანიც.
გარდა ამისა, როდესაც საუბარია ოპტიმალურ არჩევანსა და იმ რაციონალურ ალტერნატივებზე, რომელთაც შეუძლიათ ეკონომიკური თავისუფლების პირობებში ეკონომიკურად დადებითი შედეგების მოტანა, ვგულისხმობთ შესაბამის გარემოს, რომელშიც სამქიმიანი სასწორის პრინციპით საზოგადოებრივი ინტერესებია გაწონასწორებული:
ა) ადამიანის, საზოგადოების კეთილდღეობა;
ბ) ეკონომიკურ ერთეულთა არსებობის ზღვრული არეალი (რომლის მიღმაც ისინი ვერ წარმართავენ ეკონომიკურ საქმიანობას, წინაამღდეგ შემთხვევაში ლიკვიდაციას განიცდიან);
გ) სახელმწიფოს საზოგადოებრივი ინტერესი.
სწორედ ამ სამ მხარეს შორის უნდა მოხდეს წონასწორულად ყველას ინტერესების დაბალანსებული დაკმაყოფილება, ისეთი ეკონომიკურად ოპტიმალური არეალის შექმნა, სადაც მაქსიმალურად იქნება ეკონომიკური თავისუფლება და ამავდროულად სახელმწიფოსა და საზოგადოების (პერსონების) ინტერესები და თავისუფლება დაცული.
მონოპოლიებზე საუბრის დროს მართებული იყო კონკურენციისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ჩარევა და ეკონომიკური რეგულირება. თუმცა, თუ ამავე პირობებში დავაკვირდებით საკრედიტო სფეროს, უკვე სახელმწიფო გვევლინება ეკონომიკური თავისუფლების შემზღუდველად. ბაზარს დარეგულირებული აქვს კრედიტზე საპროცენტო განაკვეთი და სახელმწიფო თავისი ეკონომიკური პოლიტიკით ზემოქმედებს მასზე (იგულისხმება არამარტო მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა), რაც წინააღმდეგობაში მოდის ეკონომიკური თავისუფლების ოპტიმიზირებულ პრინციპებთან.
რა ზომით უნდა არეგულიროს სახელმწიფომ ეკონომიკური პროცესები და სად იქნება მისი ჩარევა სასარგებლო ზოგადად ეკონომიკისთვის და ეკონომიკური თავისუფლებისთვის? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა მისი რეგულაციის სფეროების განსაზღვრა ეკონომიკის სეგმენტებისა და მისი დონეების მიხედვით.
მონოპოლიების და საკრედიტო სფეროს მაგალითებმა გვაჩვენა, რომ სახელმწიფო რეგულირება საჭიროა ეკონომიკის მაღალ დონეზე. მაშასადამე, ეკონომიკური თავისუფლება უნდა განვიხილოთ ვერტიკალური და ჰორიზონტალური ეკონომიკური თავისუფლების სფეროების მიხედვით.
> ვერტიკალის მიკრო დონეზე სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკური თავისუფლების მაქსიმუმს ვერ მოგვცემს. ამიტომ ამ დონემ სახელმწიფო რეგულაციების გარეშე უნდა იმუშაოს. დასაშვებია თვითმართველობის ჩართვა აღნიშნული სფეროს ეკონომიკურ აქტიურობაში, რამაც უნდა გააფართოოს არჩევანის არეალი და შესაბამისად, ჰორიზონტალურ დონეზე გაზარდოს ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი.
> რეგიონალურ დონეზე ანუ მეზემო დონეზე, საჭიროა ეკონომიკაში ჩარევა, როგორც თვითმართველობის, ისე ეკონომიკური სტრატეგიიდან გამომდინარე. სახელმწიფოს (სახელისუფლებო) მხრიდან თანაჩართულობა, ეს არის დონე, სადაც ვერტიკალში შემოდის სახელმწიფო რეგულატორი და ამ ვერტიკალის ჰორიზონტალურ დონეზეც ერთვება საერთო ეკონომიკური ვითარების შესაბამისად.
> მაკრო დონეზე სახელმწიფოს ჩარევა არა მარტო საჭიროა, არამედ აუცილებელიც. ვინაიდან თუ მაკრო სფერო გამოვიდა წანასწორული მდგომარეობიდან, ადგილი ექნება ეკონომიკურ დესტაბილიზაციასა და სტაგნაციას, რაც გაცილებით მეტად შეზღუდავს ეკონომიკურ თავისუფლებას მთელ ეკონომიკურ ვერტიკალზე, ვიდრე მაკრო რეგულაციის შედეგად გამოწვეული აუცილებელი შეზღუდვები. მეტიც, უმრავლეს არასტაბილურ ვითარებაში მაკრო სფეროს მონოპოლიზება ხდება ოლიგარქთა მიერ, რომლის შედეგადაც ვიღებთ ეკონომიკური თავისუფლების აბსოლუტურ იგნორირებასა და მის ნაცვლად მონური ელემენტების მომძლავრებას (როგორც ხდება ეკონომიკური თავისუფლების დაბალი დონის მქონე ქვეყნებში, სადაც კაპიტალისა და შრომის ურთიერთკავშირში შემოსავლების მონოპოლიური წილი მოდის კაპიტალზე და იზღუდება თავისუფალი არჩევანის პრინციპი, ალტერნატიული არჩევანის არარსებობის გამო).
> ეკონომიკის ყველაზე მსხვილი დონეა მეგა დონე, იგი პირდაპირ არის დაკავშირებული სახელმწიფოსთან, მასთან უშუალოდ უნდა მოქმედებდეს მძლავრი ეკონომიკური რეგულატორები, რიგ შემთხვევებში ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზეც. აღნიშნული იმით არის გამოწვეული, რომ საჭიროა ისეთ გლობალურ პრობლემებთან ბრძოლა, როგორებიცაა: ეკოლოგიური პრობლემები, ტერორიზმი, მსხვილი მონოპოლიური წარმონაქმნებით გამოწვეული საშიშროება და ა.შ.
ამრიგად, ეკონომიკური კეთილდღეობა იწყება ეკონომიკური თავისუფლებით. ეს, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს თავისუფალ არჩევანს, სოლიდარობას სოციალური კეთილდღეობის თვალსაზრისით და სიკეთეთა სამართლიან გადანაწილებას, რაც იძლევა სასტარტო პირობებში თანასწორობის და თავისუფალი ოპტიმალური არჩევანის გაკეთების საშუალებას.

ეკონომიკური თავისუფლება აუცილებელი პირობაა შერეული ტიპის საბაზრო ეკონომიკის ფორმირებისთვის. ეკონომიკური თავისუფლების მთავარი უზრუნველმყოფია სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის შესაბამისადაც უნდა განისაზღვროს სახელმწიფოს ეკონომიკური როლი და მისი ჩარევის მასშტაბები ისე, რომ მოგვცეს ეკონომიკური თავისუფლების მაქსიმუმი და იმავდროულად მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია.

რამაზ გერლიანი 
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი
„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერთა ცენტრის” პრეზიდენტი

role of economic freedom and it’s space in economical policy
p a p e r

Freedom is the basic element which created progress in mankind’s history, it has lead mankind from dark ages, till now. Freedom in man creates a person which wants to have all goodness.
First of all market economy is bazed on freedom which displays in choice freedom, choice is the most important term of competition, and competition is the fundamental pover of economic development. In that way, it is very important to determine goverments regulation space with deveploping of economical freedom degree.
Economic freedom degree is more important in transitional countries where market economy is only introducing. Economic freedom degree defends on free choice.
Thus, as more is quantity of optimal alternative choices, which choice can make optimal and rational result, as more is economical freedom degree.
There-fore we must examine economical freedom in different standards, by economic freedom freedom spaces, because economical freedom is indispensable condition for forming of mixed market economy.

Leave a comment

Filed under Uncategorized